რუსთაველის გამზირზე დაკავებული რამდენიმე პირი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში უფლებადამცველებმა მოინახულეს
რუსთაველის გამზირზე დაკავებული რამდენიმე პირი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში უფლებადამცველებმა მოინახულეს

რუსთაველის გამზირზე დაკავებული რამდენიმე პირი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში უფლებადამცველებმა მოინახულეს.

როგორც დაკავებული გიორგი ქინქლაძის ადვოკატმა, ლექსო არქანიამ განაცხადა, ქინქლაძეს დაზიანებული აქვს თვალი და მხედველობა უჭირს, ასევე აღენიშნება ფიზიკური დაზიანების კვალი.

მისივე თქმით, როგორც დაკავებულმა უთხრა, ის მაშინ დააკავეს სპეცრაზმელებმა, როდესაც რუსთაველის მეტროსთან იყო და მეგობრებთან ერთად სახლში ბრუნდებოდა.

ადვოკატი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიებისკენ მოუწოდებს.

ამასთან, კიდევ ერთი დაკავებულის, არასამთავრობო ორგანიზაცია ODFI-ის იურისტის, გიორგი დავითურის ადვოკატმა, ნატალია ახალაძემ განაცხადა, რომ დავითური სპეცრაზმელების მიერ არის ნაცემი და მას ხილული დაზიანებები აღენიშნება.

ნატალია ახალაძის განცხადებით, როგორც დაკავებულმა განუცხადა, შსს-ს თანამშრომლებმა ის დაკავებისას სცემეს.

ახალაძის განცხადებით, დავითური დააკავეს რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, გრიბოედოვის ქუჩაზე და მისი მხრიდან სპეცრაზმელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია.

ამასთან, ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორთან იმყოფებიან დაკავებულთა ოჯახის წევრებიც.

როგორც ირინა სარიშვილმა განაცხადა, მისი შვილი ლუკა სარიშვილი ადვოკატმა მოინახულა, რომელმაც განაცხადა, რომ ლუკა სარიშვილს ფიზიკური დაზიანებების კვალი არ აღენიშნება და არც პოლიციელების მხრიდან ცემაზე უსაუბრია. თუმცა, სარიშვილმა აღნიშნა, რომ მის შვილზე პოლიციელების მხრიდან ძალადობის შესახებ ინფორმაცია ლუკა სარიშვილის მეგობრებმა მიაწოდეს, რომლებიც დაკავების დროს იმყოფებოდნენ.

სარიშვილის განცხადებით, მისი შვილი თამარაშვილის ქუჩაზე დააკავეს, მანამდე ის რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. სარიშვილის თქმით, ლუკა სარიშვილს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში ედავებიან.