რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლისას დაშავებული 46 წლის მამაკაცი კომიდან გამოვიდა და კონტაქტურია
რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლისას დაშავებული 46 წლის მამაკაცი კომიდან გამოვიდა და კონტაქტურია

20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის დროს დაშავებული 46 წლის მამაკაცი კომიდან გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს რეგიონულ ჰოსპიტალში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, პაციენტი კონტაქტურია და ექიმების მიერ მასთან კომუნიკაციაზე რეაგირებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, მართვით სუნთქვაზე რჩება.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ასევე გაუმჯობესებულია 32 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც კომიდან რამდენიმე დღის წინ გამოვიდა.

კლინიკის დირექტორის, ნათია ნუცუბიძის ცნობით, ხვალ იგეგმება კლინიკაში მოთავსებული მესამე, 23 წლის პაციენტის გაწერა.

„რეგიონულ ჰოსპიტალში მოცემულ მომენტში იმყოფება სამი პაციენტი. პაციენტს, რომელიც გადმოყვანილ იქნა ალადაშვილის კლინიკიდან თვალის და თავის მძიმე დაზიანებით, წარმატებით ჩაუტარდა ურთულესი ნეიროქირურგიული და ოფთალმოლოგიური ოპერაცია. პაციენტი ამჟამად საპალატე რეჟიმშია და ორშაბათს იგეგმება მისი გაწერა. მეორე პაციენტს, რომელიც ასევე ალადაშვილის კლინიკიდან იქნა შემოყვანილი, ალადაშვილის კლინიკაში ჩარევის შემდგომ, ჩვენთანაც დასჭირდა განმეორებითი ნეიროქირურგიული ოპერაცია და ჩარევამ ჩაიარა წარმატებით. პაციენტი იმყოფება ინტენსიური დაკვირვების პალატაში და მოხსნილია ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატიდან. არის სპონტანურ სუნთქვაზე, კონტაქტურია და ასრულებს დავალებებს. მესამე პაციენტი, რომელიც გადმოყვანილი იქნა ალადაშვილის კლინიკიდან უმძიმეს მდგომარეობაში, ჯერჯერობით რჩება ფიტლვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე, მაგრამ მეორე დღეა, აღენიშნება დადებითი დინამიკა, ახელს თვალებს და ასრულებს დავალებებს“, – განაცხადა ნათია ნუცუბიძემ.

ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკებში 20 ივნისის ღამეს დაშავებული ექვსი პაციენტი რჩება.