პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეების ნაწილმა ცოტა ხნის წინ გზის სავალი ნაწილი კიდევ ერთხელ გადაკეტა, ნაწილი კი ქვეითთათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე რჩება. რუსთაველის გამზირზე ამ დროისათვის აქცია გრძელდება.
მანამდე აქციის მონაწილეებმა, რომლებსაც საავტომობილო გზა გადაკეტილი ჰქონდათ, შსს-ს გამაფრთხილებელი განცხადების შემდეგ სავალი ნაწილი გაათავისუფლეს. უწყების განცხადებით, აქციის მონაწილეთა რაოდენობა იყო მცირე და მათ გზა ხელოვნურად ჰქონდათ გადაკეტილი. შსს-მ მომიტინგეებს შეახსენა ახლად ამოქმედებული კანონი და მოუწოდა მათ, რომ დაეცვათ კანონის მოთხოვნები და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გაეხსნათ სავალი ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში სამინისტრო იმოქმედებდა კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში. მომიტინგეები მოთხოვნას დაემორჩილნენ და საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ ქვეითთათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე გადაინაცვლეს.