თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ მსვლელობით „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან გადაინაცვლეს, სადაც თავიანთი მოთხოვნები კიდევ ერთხელ დაასახელეს, რის შემდეგაც, დაიშალნენ.
ამ დროისთვის, პარლამენტის შენობის წინ აქციის რამდენიმე მონაწილე კვლავ იმყოფება, თუმცა დემონსტრაციის ოფიციალური ნაწილი დასრულებულია.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი ითხოვენ ორი დღის წინ რუსთაველზე, აქციის დროს დაკავებულების გათავისუფლებას, შს მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას და იმ სამართალდამცველების დასჯას, რომლებმაც უფლებამოსილებას გადააჭარბეს და ასევე, პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებას.
აქციის მონაწილეების თქმით, პარლამენტთან დემონსტრაცია ხვალ საღამოს ისევ გაიმართება.