რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან, სადაც აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი, პერიოდულად ვითარება იძაბება

რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან პერიოდულად ვითარება იძაბება. ადგილზე შეკრებილი აქციის მონაწილეები შეძახილებით დახვდნენ „ქართული ოცნებიდან“ გლდანის მაჟორიტარ დეპუტატს, კონსტანტინე ზარნაძეს. დეპუტატს შეკრებილებმა საშუალება არ მისცეს, ყვავილებით შეემკო მემორიალი. აქციის მონაწილეებმა კონსტანტინე ზარნაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ადგილზე მოხდა ფიზიკური შეხლა-შემოხლა.

„არ მიმიშვეს 9 აპრილის მემორიალთან. უზრდელები არიან, იფურთხებიან. ესენი არიან ნორმალური ადამიანები? რას აყურებინებენ მთელ საქართველოს? რა ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა, 9 აპრილის მემორიალთან მისვლას ამიკრძალავდნენ. ესენი არიან ადამიანები, რომლებისგანაც ყველაფერია მოსალოდნელი“, – განაცხადა ზარნაძემ.

ამასთან, რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და მოქალაქეებს შორის, რომლებსაც სურდათ, პატივი მიეგოთ ცხრა აპრილს დაღუპული გმირებისთვის.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მოუწოდა შეკრებილებს, პროვოკაციებს არ აჰყოლოდნენ.

ადგილზე მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

ასევე აქციის მოანაწილეები მემორიალთან მისვლის შესაძლებლობას არ აძლევნდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, დავით გურგენიძეს.