რუსმა სამხედროებმა უკრაინაზე 145 დრონით იერიში მიიტანეს, არიან დაშავებულები
რუსმა სამხედროებმა უკრაინაზე 145 დრონით იერიში მიიტანეს, არიან დაშავებულები

რუსეთმა ღამით უკრაინის წინააღმდეგ იერიში 145 დრონით მიიტანა.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, განადგურებულია 85 უპილოტო საფრენი აპარატი.

დრონებით თავდასხმის შედეგად დაზარალდა უკრაინის ექვსი რეგიონი, არიან დაშავებულებიც.

კერძოდ, რუსული დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ნიკოლაევში 10 ადამიანია დაშავებული. ქალაქში დაზიანებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, ადმინისტრაციული შენობა, ათობით ავტოფარეხი და მანქანა.

ნიკოლაევის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის ცნობით, დაშავებულთაგან ორი ადამიანი საშუალო სიმძიმის დაზიანებებით არის ჰოსპიტალიზებული.

კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, 30 დრონით თავდასხმა განხორციელდა კიევზე, საიდანაც საჰაერო ძალებმა 16 საფრენი აპარატი გაანადგურეს, დანარჩენები უკრაინის დედაქალაქის სივრციდან გავიდა ან ლოკაციურად დაიკარგა.

დრონების ფრაგმენტების ჩამოვარდნის გამო კიევში განადგურდა კერძო სახლი, დაშავებულია ორი ადამიანი, ხანძარი გაჩნდა სასაწყობე ობიექტის ტერიტორიაზე.

რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის სამიზნე ასევე გახდა დონეცკის, ხარკოვის, ხმელნიცკისა და პოლტავის ოლქები.