რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან ხის ბოძები დაამონტაჟეს
რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან ხის ბოძები დაამონტაჟეს

საოკუპაციო რეჟიმმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირთან ე.წ. სადემარკაციო სამუშაოები განაახლა. სოფელ ტახტისძირისა და დირბის გასწვრივ ხის ბოძები დაახლოებით ხუთასი მეტრის სიგრძეზეა გავლებული.

როგორც საქართველოს პირველ არხს ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა, ნოდარ კოპაძემ განუცხადა, რუსმა სამხედროებმა სოფელ ტახტისძირსა და დირბს შორის ხის ბოძები გუშინ დაამონტაჟეს. როგორც ნოდარ კოპაძე აცხადებს, დაახლოებით მეტრი სიმაღლის ხის ბოძები ტახტისძირთან შარშან დამონტაჟებული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერებთანაა გაკეთებული.

საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო რეჟიმის მორიგი უკანონო ქმედების შესახებ, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.