რუსმა მებრძოლმა უსახლკაროებს დასცინა და მთელი ინტერნეტი გადაიკიდა (ვიდეო)
რუსმა მებრძოლმა უსახლკაროებს დასცინა და მთელი ინტერნეტი გადაიკიდა (ვიდეო)

შერეული ორთაბრძოლების (MMA) რუსი მებრძოლი, UFC-ის ჩემპიონი ჰაბიბ ნურმაგომედოვი სერიოზულ სკანდალში გაეხვა. რამდენიმე დღის წინ, მან საკუთარ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მისი ძმა, ასევე MMA-ის მებრძოლი აბუბაკარ გურმაგომედოვი ამერიკელ უსახლკაროებს აზიდვების კეთებას აიძულებს.

„ასე მოვარჩენთ ნარკომანიისგან“, – ისმის კადრს მიღმა ხმა. აზიდვების სანაცვლოდ, აბუბაკარი უსახლკაროებს ფულს ურიგებს.

„ტვიტერში“ The MMA Bible-ის აკაუნტის ავტორები აკრიტიკებენ რუს მებრძოლს. მათი აზრით, ჰაბიბის მოქმედება ამაზრზენი და ღირსების შემლახველია. თავად მებრძოლს ჯერ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.
„საშინელი საქციელი. ის დარბაზში ყოველდღე უყურებს, როგორ ვარჯიშობენ აზიდვებით სხვა სპორტსმენები და სულაც არ ეცინება. ამ შემთხვევაში კი მისთვის ეს სახალისოა, რადგან აზიდვებს უსახლკარო აკეთებს“, – დაწერა შვედმა მებრძოლმა ჯეკ ჰერმანსონმა.

„გული მტკივა, როცა ვხედავ, რომ ადამიანი, რომელიც მუდმივად ღმერთზე ლაპარაკობს, ამგვარად იქცევა“, – განაცხადა UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა სინდი დენდოისმა.

„უსახლკაროების დაცინვა – უმდაბიოესი საქციელია. საერთოდ ვერ აზროვნებს?“ – წერენ ვიდეოს ქვეშ „ინსტაგრამისა“ და „ტვიტერის“ მომხმარებლები.

რამდენიმე თვის შემდეგ, ჰაბიბი თავის ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლას გამართავს კარიერაში – ოქტაგონზე მის წინააღმდეგ კონორ მაკგრეგორი იბრძოლებს. შერეული ორთაბრძოლების ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ბოლო დროს, რუსი სულ უფრო ხშირად იფუჭებს რეპუტაციას სხვა მებრძოლების ლანძღვის გამო. ახლა კი მის წინააღმდეგ რიგითი ადამიანებიც აჯანყდნენ. ეს ცუდი პიარია ნურმაგომედოვისთვის მნიშვნელოვანი ბრძოლის წინ.

მით უმეტეს, რომ რამდენიმე წლის წინ, მაკგრეგორმა 50 ათასი დოლარი შესწირა უსახლკაროებს. მისი თქმით, მას აწუხებდა არა მხოლოდ უსახლკაროების ბედი, არამედ ისიც, რომ ამ ფულს რეალურად გაეუმჯობესებინა მათი ცხოვრება. ამიტომაც, სანამ თანხას გაიღებდა, კონორმა შეისწავლა ირლანდიაში მოქმედი საქველმოქმედო ორგანიზაციების სამუშაო და კმაყოფილი დარჩა

დატოვე კომენტარი