რუსლან სტეფანჩუკი ნენსი პელოსის უკრაინისთის ლენდ-ლიზის პროგრამის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
რუსლან სტეფანჩუკი ნენსი პელოსის უკრაინისთის ლენდ-ლიზის პროგრამის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ნენსი პელოსის უკრაინისთის ლენდ-ლიზის პროგრამის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. შესაბამის განცხადებას რადას პრესსამსახური სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს.

სტეფანჩუკი ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად კიევში ვიზიტით მყოფ ნენსი პელოსის შეხვდა.

„პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად შევძელით, პირადად გადაგვეხადა მადლობა ნენსი პელოსისთვის უკრაინისთვის ლენდ-ლიზის მხარდაჭერისთვის. გულწრფელად მადლობელი ვარ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის აშშ-ის კონგრესის მხრიდან უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან ინტერვენციაზე მძლავრი პასუხისთვის. აშშ მხარს გვიჭერს ყველა ფრონტზე და უკრაინის სასარგებლოდ მიღებული თითოეული გადაწყვეტილება არის ტყვია მტრის მიმართულებით, რომელიც დღეს დემოკრატიას და მსოფლიო უსაფრთხოებას ემუქრება. მთავარია, არ გავჩერდეთ, რადგან მნიშვნელოვანია გადავუკეტოთ გზები რუსულ სამხედრო მანქანას, რომლის ბორბლების ქვეშ ათასობით უდანაშაულო უკრაინელი დაიღუპა“, – ნათქვამია სტეფანჩუკის განცხადებაში.

უმაღლესი რადას სპიკერი იმედს გამოთქვამს, რომ აშშ-სგან დამატებით 33 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას მიიღებს, ასევე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ელოდება.

„გავიმარჯვებთ, რადგან ერთად ვართ და ბოლომდე!“, – აღნიშნავს სტეფანჩუკი.

28 აპრილს აშშ-ის კონგრესმა ლენდ-ლიზის პროგრამა დაამტკიცა, რომელიც საშუალებას მისცემს ვაშინგტონს, უკრაინას შეიარაღება უფრო სწრაფად და ეფექტური გზით გადასცეს. ლენდ ლიზის პროგრამა ბოლოს აშშ-მა მეორე მსოფლიო ომის დროს აამოქმედა.