რუსლან სტეფანჩუკი აცხადებს, რომ აშშ-ში ვიზიტით, საკუთარი ხარჯებით, 37 დეპუტატი გაემგზავრა - უკრაინის წინაშე დგას ამოცანა, გადავტვირთოთ ურთიერთობები აშშ-თან, რასაც ვაკეთებთ ყველა დონეზე
რუსლან სტეფანჩუკი აცხადებს, რომ აშშ-ში ვიზიტით, საკუთარი ხარჯებით, 37 დეპუტატი გაემგზავრა - უკრაინის წინაშე დგას ამოცანა, გადავტვირთოთ ურთიერთობები აშშ-თან, რასაც ვაკეთებთ ყველა დონეზე

უმაღლესი რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი აცხადებს, რომ აშშ-ში ვიზიტით საკუთარი ხარჯებით 37 დეპუტატი გაემგზავრა. ამის შესახებ სტეფანჩუკმა უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა.

„უკრაინის წინაშე დგას ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა – გადავტვირთოთ ჩვენი ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან. ჩვენ ამას ვაკეთებთ სისტემურად ყველა დონეზე, მათ შორის აშშ-ის კონგრესთან ურთიერთობების განახლების დონეზე. სწორედ ამიტომ, დიდი დელეგაციაა, მგონი, 37 ადამიანი, რომელთაგან ნახევარს წარმოადგენს ოპოზიცია, ნახევარს კი – უმრავლესობა, რათა სისტემურად ვიმუშაოთ სენატორებთან ურთიერთობების დასამყარებლად“, – განაცხადა სტეფანჩუკმა.

ამასთან, უკრაინის პარლამენტის წევრების აშშ-ში ვიზიტს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტიც.

„დღეს აშშ-ში ლოცვის საუზმე იმართება. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც უკრაინის პარლამენტის წევრების დაახლოებით ნახევარი ამ საუზმეზე იმყოფება და არა ხერსონში, ხარკოვში, ზაპოროჟიესა და სუმიში“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„ლოცვის ეროვნული საუზმე“ არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც ვაშინგტონში თებერვლის დასაწყისში 1953 წლიდან იმართება. ღონისძიებას, ჩვეულებრივ, 3 500-მდე პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, საზოგადო მოღვაწე და რელიგიური ლიდერი ესწრება.

მანამდე, 6 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დეპუტატები გააკრიტიკა საზღვარგარეთ ხშირი მივლინებების გამო, მათ შორის აშშ-ში.