რუსლან აბაშიძე -  არის 175 აბიტურიენტი, რომელიც ცდილობს, მოახერხოს და პირველ ივლისს ჩააბაროს გამოცდები
რუსლან აბაშიძე - არის 175 აბიტურიენტი, რომელიც ცდილობს, მოახერხოს და პირველ ივლისს ჩააბაროს გამოცდები

ყველა სტრუქტურაა ჩართული და მუშაობს იმისთვის, რომ ეს შეზღუდვა მოიხსნას, – ამის შესახებ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ენგურის ხიდის ცალმხრივად ჩაკეტვის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, საკითხს ქართული მხარე ჟენევის მოლაპარაკებებზე დააყენებს, რომელიც ორშაბათს იწყება.

რაც შეეხება იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც დაწესებული შეზღუდვის გამო, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობაზე პრობლემა ექმნებათ, აბაშიძის თქმით, თუ დროულად არ მოხდა შეზღუდვის მოხსნა, გამოცდების თარიღმა შესაძლოა, გადაიწიოს.

„ეს არის ყველაზე აგრესიული გადაწყვეტილება; თავისუფალი გადაადგილების უფლებას უზღუდავს ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამჟამად, ჩვენ გვაქვს რამდენიმე მწვავე საკითხი. არის 175 აბიტურიენტი, რომელიც ცდილობს, მოახერხოს და პირველ ივლისს ჩააბაროს გამოცდები.

სახელმწიფო და ჩვენ მათ შორის, ყველა სტრუქტურა ჩართულია და მუშაობს, რომ ეს შეზღუდვა მოიხსნას რაც შეიძლება მალე. თუ ეს ვერ მოხერხდა უახლოეს დღეებში, ვმუშაობთ ალტერნატიულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული გამოცდების ჩაბარების გადავადებასთან”, – განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

მისი თქმით, აფხაზეთის მთავრობისთვის უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული შეზღუდვები.

აბაშიძის განცხადებით, ძალიან ბევრ ბენეფიციარს ესაჭიროება სამედიცინო დახმარება. მისი ინფორმაციით, ამ დრომდე საოკუპაციო რეჟიმმა მხოლოდ ორი პაციენტი გამოატარა, რომელიც დიალიზის პროგრამაშია ჩართული, ისინი კი, ვისაც ოპერაციები აქვთ დაგეგმილი, გადმოსვლას ისევ ვერ ახერხებენ.

აბაშიძის თქმით, ამ საკითხს ქართული მხარე ჟენევის მოლაპარაკებებზე დააყენებს, რომელიც ორშაბათს იწყება.