რუსი ოპოზიციონერი სერგეი უდალცოვი, რომელიც ადმინისტრაციულ პატიმრობაშია, საავადმყოფოში გადაიყვანეს
რუსი ოპოზიციონერი სერგეი უდალცოვი, რომელიც ადმინისტრაციულ პატიმრობაშია, საავადმყოფოში გადაიყვანეს

რუსი ოპოზიციონერი, მოძრაობა „მემარცხენე ფრონტის“ ლიდერი სერგეი უდალცოვი, რომელიც ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფება, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

უკვე მეხუთე დღეა, რაც უდალცოვმა მშრალი შიმშილობა გამოაცხადა. მოსკოვის საზოგადოებრივი სამეთვალყურეო კომისიის წარმომადგენლის განცხადებით, სერგეი უდალცოვთან იმყოფებოდა ექიმი, უდალცოვს გაუზომეს წნევა, შაქრის დონე სისხლში, რის შემდეგაც მედიკოსმა მისი სასწრაფო ჰოსპიტალიზაციიის გადაწყვეტილება მიიღო.

სერგეი უდალცოვი 14 აგვისტოს საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ აქციის ჩატარებისას „მასობრივი ღონისძიებების ჩატარების შესახებ“ კანონის დარღვევის ბრალდებით დააკავეს და 30 დღით პატიმრობა შეუფარდეს. ოპოზიციონერმა „ხალხის წინააღმდეგ მიმართული საპენსიო რეფორმის“ გამო შიმშილობა გამოაცხადა.

მოსკოვში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მერიასთან შეთანხმებული საპროტესტო აქცია 28 ივლისს გაიმართა. უდალცოვის მთავარი მოთხოვნები მთავრობის გადადგომა, საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ კანონის მიღების შეჩერება და ამ საკითხზე რეფერენდუმის გამართვა იყო.