რუსი ოპოზიციონერი ლიუბოვ სობოლი - პუტინი ბოროტების საწყისია როგორც რუსეთისთვის, ასევე საქართველოსთვის
რუსი ოპოზიციონერი ლიუბოვ სობოლი - პუტინი ბოროტების საწყისია როგორც რუსეთისთვის, ასევე საქართველოსთვის

მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ორგანიზაცია „ბელინგქეთმა“ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურის მიერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ ფაქტებით დადასტურებული საგამოძიებო დასკვნა გამოაქვეყნა, ნავალნის თანამებრძოლები ამ საქმის სტრასბურგის სასამართლომდე მიტანას აანონსებენ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი 2020 წლის აგვისტოში, ქალაქ ტომსკში ქიმიური იარაღით, ე.წ. „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. რუსეთის მთავრობა მკვლელობის მცდელობასთან კავშირს დღემდე უარყოფს. როგორც ვლადიმერ პუტინმა ოთხი დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ნავალნის მკვლელობა რომ სდომოდა, საქმეს ბოლომდე მიიყვანდა.

მიმდინარე წლის სექტემბერში კომაში მყოფი ნავალნი სამკურნალოდ ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გერმანულმა ლაბორატორიამ დაადასტურა, რომ პაციენტი ნერვული აგენტით, ე.წ. „ნოვიჩოკითაა“ მოწამლული. იმავეს ადასტურებს ევროპის ორი დამოუკიდებელი ლაბორატორიაც. ნავალნი დღემდე გერმანიაში იმყოფება. „ბელინგქეთის“ გამოძიებით ირკვევა, რომ უკანონო თვალთვალი ნავალნის მიმართ 2017 წლიდან ხორციელდებოდა და პირველად მისი მოკვლა კალინინგრადში სცადეს. 2020 წლის 20 აგვისტოს კი ალექსეი ნავალნის მოწამვლაში „ეფესბეს“ ოფიცრების რვაკაციანი ჯგუფი მონაწილეობდა.

ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს პირველმა არხმა რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერთან, კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დამფუძნებელ ლიუბოვ სობოლთან ინტერვიუ ჩაწერა. ლიუბოვ სობოლი რუსეთის მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციების დროს მოსკოვში არაერთხელ დაუკავებიათ. საქართველოს პირველი არხის ყოველკვირეულ გადაცემა „ახალ კვირაში“ სობოლმა საქართველოს მიმართ ვლადიმერ პუტინის პოლიტიკა მწვავედ გააკრიტიკა.

– დღეს უკვე ეჭვგარეშეა, რომ ალექსეი ნავალნი რუსეთის მთავრობის დაკვეთით მოწამლეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტს ვლადიმერ პუტინი დღემდე უარყოფს და „დასავლურ სიყალბედ“ მოიხსენიებს. ვიცით, რომ ნავალნი პირველი არაა, ვის მკვლელობასაც კრემლი ცდილობს. რუსეთში არსებული მძიმე ვითარების გათვალისწინებით, ავტორიტარული რეჟიმის პირობებში, რა არის თქვენი სამოქმედო გეგმა?

– ამ დრომდე არსებობდა ვარაუდი, რომ ნავალნის მოწამვლის უკან დგას რუსეთის სპეცსამსახური, რომელსაც დავალებას ვლადიმერ პუტინი აძლევდა. ახლა, როდესაც გამოქვეყნდა გამოძიება, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ჟურნალისტებმა, მათ შორის, CNN-ის, Spiegel-ის ჟურნალისტებმა, „ბელინგქეთის“ ჯგუფმა, კორუფციასთან ბრძოლის ჩვენმა გუნდმა, რუსეთში მოქმედმა გამოცემა Insider-მა ჩაატარეს, უკვე ეჭვსაც აღარ ტოვებს, რომ ალექსეი ნავალნის მოწამვლის უკან რუსეთის სპეცსამსახური დგას. დასახელებულია კონკრეტული სახელები, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა. ესენი არიან სპეცსამსახურის რვა თანამშრომელი, ასევე ქიმიკოსები, რომლებიც ნავალნის ბოლო წლებში დასდევდნენ და უთვალთვალებდნენ. გამოძიების თანახმად, ეს ადამიანები დანაშაულის პირდაპირი შემსრულებლები არიან.

რაც შეეხება ჩვენს მომავალ გეგმებს, ვაგრძელებთ პოლიტიკურ და სოციალურ მოღვაწეობას. მე ალექსეი ნავალნისთან 10 წელზე მეტია, ვმუშაობ. ჩემი ჩართულობით შეიქმნა კორუფციასთან ბრძოლის ფონდი. ეს ფონდი არის ერთ-ერთი უმთავრესი ორგანიზაცია რუსეთში, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ვლადიმერ პუტინის პოლიტიკასა და პარტია „ერთიანი რუსეთის“ მოქმედებებს – მათ, ვისაც ჩვენ დამნაშავეებად მივიჩნევთ. არ მოვერიდები სიტყვა „დამნაშავის“ გამოყენებას. ჩვენი მიზანია, ბრძოლა გავაგრძელოთ ჩვენი საზოგადოებისთვის. გვინდა, რომ რუსეთის მოქალაქეები უსაფრთხო გარემოში ცხოვრობდნენ, სადაც კანონი უზენაესია, სადაც არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, სადაც არსებობენ თავისუფალი ჟურნალისტები, რომლებსაც კრემლიდან განხორციელებული ზარის გამო რედაქტორი სამსახურიდან არ ათავისუფლებს. ჩვენ გვსურს, ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც თითოეულ მოქალაქეს ექნება იმედი, მიმართოს სამართალდამცავ ორგანოს და მიიღოს შესაბამისი დახმარება. სამწუხაროდ, პუტინის რუსეთი არ არის ის რუსეთი, როგორიც ახლა აღვწერე. პუტინის რუსეთში კანონი არ არსებობს, არის განუკითხაობა, ვხედავთ, რომ მოქმედი პრეზიდენტის მთავარ მეტოქეს უკანონოდ უთვალთვალებენ, ადგილი აქვს მკვლელობის მცდელობას. ჩვენ გვინდა, რომ რუსეთი იქცეს ცივილიზებულ, პროევროპულ სახელმწიფოდ. სწორედ ამისთვის ვაგრძელებთ მუშაობას. არჩევნებში მონაწილეობას ისევ მივიღებთ, გამოვაქვეყნებთ საგამოძიებო მასალებს, ისევ მივმართავთ ჩვენს მომხრეებს, რომელთა რიცხვი ცოტა ნამდვილად არ არის. მილიონობით ადამიანზეა საუბარი, რომლებიც მხარს გვიჭერენ ფინანსურად, ორგანიზებულად. ჩვენ ვიყენებთ პოლიტიკური ბრძოლისთვის დაშვებულ ყველა მეთოდს, ყველა ინსტრუმენტს და მასობრივ საპროტესტო აქციებს ვმართავთ.

– გაქვთ იმედი, რომ საერთაშორისო საზოგადოება გვერდში დაგიდგებათ? ასევე, მინდა, გკითხოთ, ხომ არ აპირებთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოთ?

– ცხადია, ჩვენ გავდივართ ყველა შესაძლებელ ინსტანციას და სამომავლოდ მივმართავთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, როგორც ეს წარსულში გავაკეთეთ, როცა ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და მიუსაჯეს პირობითი სასჯელი. მაშინაც ეს განაჩენი სტრასბურგის სასამართლოში გავასაჩივრეთ. ეს იყო 2013 წელს, როცა ნავალნი კენჭს იყრიდა მოსკოვის მერის არჩევნებში და როცა მან მოსკოველების ხმების მესამედი მიიღო. სტრასბურგის სასამართლომ სამართლიანი განაჩენი გამოიტანა.

დღეს არ გვაქვს ილუზია, რომ ნავალნის მოწამვლის საქმეზე რუსეთის სასამართლო ჩვენს მხარეს დადგება და აუცილებლად მივმართავთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას, ვითხოვთ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას დამნაშავეების წინააღმდეგ, რაც აქამდე არ მომხდარა. უკვე მთელი მსოფლიოსთვისაა ცნობილი, რომ ეს იყო რუსი პოლიტიკოსის მკვლელობის მცდელობა ქიმიური იარაღის გამოყენებით. ამას ადასტურებს სამი ქვეყნის ლაბორატორია. ჩვენ ისევ ვითხოვთ გამოძიების დაწყებას, ისევ ვითხოვთ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და მაშინაც კი, თუ რუსეთის ორგანოები ამაზე უარს იტყვიან, ბრძოლას გავაგრძელებთ.

– რუსეთის პოლიტიკა აგრესიულია მისი მეზობლების, განსაკუთრებით საქართველოს მიმართ. ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტზე მეტი ოკუპირებულია და რუსული ჯარი უკანონოდ დგას. საინტერესოა, რა არის თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით?

– დიახ, ეს ნამდვილად ოკუპაციაა და ვფიქრობ, რომ აგრესია, რომლის სამიზნეც გახდა საქართველო 2008 წელს, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ პრეზიდენტი მედვედევი იყო, სწორედ ვლადიმერ პუტინისგან მომდინარეობდა. პუტინი ბოროტების საწყისია როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე თქვენი ქვეყნისთვის. ახლა საქართველოში ჩემი არაერთი ყოფილი კოლეგა ცხოვრობს. მე ძალიან ვაფასებ თქვენს ქვეყანას და დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ნორმალური, ცივილიზებული ურთიერთობები დამყარდეს, რაც პუტინის მმართველობის პერიოდში რთული წარმოსადგენია.

დატოვე კომენტარი