რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული გელა როსტობაია გაათავისუფლეს
რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული გელა როსტობაია გაათავისუფლეს

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონის მცხოვრები გელა როსტობაია გაათავისუფლეს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, გელა როსტობაიამ ენგურის ხიდი უკვე გადმოკვეთა.

როსტობაიას განცხადებით, მდინარე ენგურზე თევზაობდა, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს და გადაიყვანეს ჯერ რუსულ სამხედრო ბაზაზე, შემდეგ კი გალის პოლიციაში.

როსტობაია ყვება, რომ მისთვის არავის მიუყენებია სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა. გელა როსტობაიას თქმით, ყველას გაუკვირდა მისი ასეთ მოკლე დროში გათავისუფლება.

„გალის იზოლატორში კიდევ ხუთი-ექვსი ქართველი იმყოფება. წუხელ კიდევ მოიყვანეს ორი ადამიანი საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით“, – განაცხადა გელა როსტობაიამ.

მას ენგურის ხიდთან ოჯახის წევრები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ასევე ზუგდიდის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ გიორგი შენგელია დახვდნენ.

ადგილზე იმყოფებოდნენ ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები.

როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, ფაქტის შესახებ ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი.

რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონის მცხოვრები, 40 წლის გელა როსტობაია გუშინ საღამოს გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ მისი დაკავება მაშინ მოხდა, როცა მდინარე ენგურზე თევზაობდა.