რუსი დიპლომატი - სირიაზე თავდასხმის შემთხვევაში, აშშ-ი პასუხს მიიღებს
რუსი დიპლომატი - სირიაზე თავდასხმის შემთხვევაში, აშშ-ი პასუხს მიიღებს

რუსეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს, თავი შეიკავოს სირიაში სამხედრო მოქმედებებისგან.

ლიბანში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა, ალექსანდრ ზასიპკინმა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაშინგტონის საჰაერო იერიშს მოსკოვი უპასუხოდ არ დატოვებს.

„თუ ამერიკის შეერთებული შტატები სირიაზე თავდასხმას განახორციელებს, მაშინ ამოქმედდება პრეზიდენტ პუტინის დეკლარაცია სამხედრო თავდაცვის შესახებ და ჩვენ ყველა რაკეტას ჩამოვაგდებთ. თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ასეთი რამ არ მოხდება“, – განაცხადა ზასიპკინმა.

რუსეთისა და სირიის მთავრობები 8 აპრილს სირიის ქალაქ დუმაში განხორციელებულ ქიმიურ თავდასხმას უარყოფენ. საერთაშორისო საზოგადოება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასა და ადამიანის უფლებების დამცველ სხვადასხვა ორგანიზაციაზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ასადის რეჟიმმა მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ქალაქში ქიმიური იარაღი, კერძოდ, ქლორის გაზი გამოიყენა, რასაც 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ათობით ბავშვის.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მომხდარზე პასუხისმგებლობა ასადის მოკავშირე რუსეთს და ირანს დააკისრა და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ საპასუხო იერიში დააანონსა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სირიაში ქიმიური თავდასხმის საერთაშორისო გამოძიების შესახებ მიღებულ რეზოლუციას გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთმა ვეტო გუშინ საღამოს კიდევ ერთხელ დაადო. ეს უკვე მეთერთმეტე შემთხვევაა, როცა სირიის საკითხზე რუსეთი გაერო-ში ვეტოს უფლებას იყენებს.