რუსი დეპუტატი - რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სანქციები უნდა დააწესოს
რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სანქციები უნდა დააწესოს, კერძოდ კი, უნდა აკრძალოს ქართული ღვინის იმპორტი, – ეს განცხადება რუსეთის ფედერაციული საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმირ ჯაბაროვმა გააკეთა.
„საქართველო პატარა ბავშვი არ არის, რომლსაც არაფერი ესმის, ბავშვი, რომელსაც, როცა დააშავებს, უნდა აპატიო. უკვე 30 წელი გავიდა, რაც საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა და საკუთარი ნაბიჯებისთვის პასუხი უნდა აგოს. ვფიქრობ, უნდა გამოვიყენოთ ზომები, სანქციები. არ მომწონს, როდესაც ამბობენ, რომ ქართული ღვინოების ხარისხი გაუარესდა. რატომ უნდა თქვა ეს? ამაზე ყველაზე ეღიმება. უნდა თქვა მკაფიოდ, რომ სახელმწიფო გადადგა არამეგობრული ნაბიჯი, ამიტომ ამ ქვეყანასთან ვაჭრობა არ გვინდა. ჩვენ არ გვინდა, რომ თქვენ ჩვენს ხარჯზე ფული იშოვოთ, თუ რუსეთს აგრესორად თვლით, მაშინ ნება იბოძეთ და თქვენი ღვინო და სხვა პროდუქცია სხვა ქვეყნებში გაყიდეთ“, – განაცხადა ჯაბაროვმა.
მისივე თქმით, „საქართველომ უნდა იგრძნოს რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭების ეკონომიკური შედეგები“.
„ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე მიზერულ წილს იკავებს. ჩვენ მას შევავსებთ ჩილეს, საფრანგეთის, იტალიის ღვინოებით“, – ამბობს რუსი დეპუტატი.
ჯაბაროვმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა სანქციები არა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, არამედ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ უნდა დააწესოს.