რუსი დეპუტატი ქართველ ჟურნალისტებს - ზელენსკიმ და პუტინმა ხომ დაიწყეს საუბარი, ერთმანეთი არ უყვართ, თუმცა ერთმანეთს ესაუბრებიან
რუსი დეპუტატი ქართველ ჟურნალისტებს - ზელენსკიმ და პუტინმა ხომ დაიწყეს საუბარი, ერთმანეთი არ უყვართ, თუმცა ერთმანეთს ესაუბრებიან

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის წევრებმა კომენტარი გააკეთეს, ქართველი ჟურნალისტების კითხვაზე, აპირებენ, თუ არა საქართველოში ჩამოსვლას.

როგორც რუსეთის დელეგაციის წევრმა ლეონიდ კალაშნიკოვმა აღნიშნა, არ ისურვებდა სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების გამწვავებას დემონსტრაციული ვიზიტით.

„მე საქართველოში ჩასვლაზე ვოცნებობ, თუმცა ვიცი, ეს მარტივი არ არის. რა თქმა უნდა, არ ვისურვებდი სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების გამწვავებას დემონსტრაციული ვიზიტით, თუ იქ ჩემი სახელის მიმართ რაიმე შეუწყნარებლობა არსებობს. რა თქმა უნდა, ვეცდებით, ჩვენი დელეგაციის ფორმირებას, რომ მან არ გამოიწვიოს რამე სახის პროტესტი. თუმცა არ ვწყვეტ დელეგაციის შემადგენლობას, ასევე იმას, საერთოდ გაემგზავრება თუ არა რუსეთის დელეგაცია. პირადად მე გავემგზავრებოდი. დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობების კომიტეტი, რომლის თავმჯდომარე მეც ვარ, საქართველოს ინტერესების ზონაში ყოველთვის შედიოდა. ჩემთან ჩამოდიან ხოლმე თქვენი პარლამენტარები. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ალბათ ხუთჯერ არის ნამყოფი. არ აქვს მნიშვნელობა, გვიყვარს ერთმანეთი თუ არა, მნიშვნელოვანია სხვდასხვა საკითხების წინ წაწევა, მათ შორის ბილეთების, ავიამიმოსვლის, სავიზო, ჰუმანიტარული კავშირების. ზელენსკიმ და პუტინმა ხომ დაიწყეს საუბარი, მათ ხომ ერთმანეთი არ უყვართ, თუმცა ერთმანეთს ესაუბრებიან. აქაც უნდა დავიწყოთ იმით, რისი გადაწყვეტაც შეგვიძლია“, – განაცხადა ლეონიდ კალაშნიკოვმა.

როგორც რუსეთის დელეგაციის წევრმა, პიოტრ ტოლსტოიმ აღნიშნა, არ შეიძლება სტუმრად წასვლა იმ ქვეყანაში, სადაც მტრულად განწყობილი პირები პარლამენტის წევრს ბოთლს თავში ურტყამენ.

„მე არ დავუპატიჟებივარ იქ არავის. ეს ხომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაა, მე კი უფრო მოკრძალებულ წრეებში ვტრიალებ, მე მხოლოდ დეპუტატი ვარ. რაც შეეხება ზოგადად რუსეთის მონაწილეობას, თუ ქართული მხარე ბოდიშს მოიხდის იმ ინციდენტისთვის, რომელიც სახელმწიფო დუმის დეპუტატ გავრილოვს შეემთხვა, ასეთი რამ შესაძლებელია, თუმცა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრეზიდენტმა, რომელიც ჩვენთან საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავენ. ვფიქრობ, საჭიროა ჯერ ბოდიში და შემდეგ სტუმრად წასვლა. არ შეიძლება სტუმრად წასვლა იმ ქვეყანაში, სადაც მტრულად განწყობილი პირები პარლამენტის წევრს ბოთლს თავში ურტყამენ. ველოდებით, ქართველი კოლეგებისგან, რომ ისინი ბოდიშს მოიხდიან. ამის დიდი იმედი გვაქვს. ქართულ ენაში ხომ არის სიტყვა „სინდისი“? ფრანგულ და ინგლისურ ენაში ასეთი სიტყვა არ არის. ქართულში კი, დარწმუნებული ვარ, რომ არის. იმედი მაქვს, ეს სიტყვა უმრავლესობას შეეხება“, – განაცხადა პიოტრ ტოლსტოი.