რუსი დეპუტატი - პოლონეთში აშშ-ის სამხედრო ბაზის შესაძლო განთავსების შესაჩერებლად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მუშაობა დაიწყო
რუსი დეპუტატი - პოლონეთში აშშ-ის სამხედრო ბაზის შესაძლო განთავსების შესაჩერებლად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მუშაობა დაიწყო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პოლონეთში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზის შესაძლო განთავსების შესაჩერებლად მუშაობა დაიწყო, – ამის შესახებ რუსეთის ფედერალური საბჭოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ევგენი სერებრენიკოვმა РИА Новости-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„რუსეთის დიპლომატიური უწყებები ამ მიმართულებით მუშაობას განაგრძობენ. ისინი ცდილობენ, პოლონეთი გადაწყვეტილების შეცვლაში დაარწმუნონ. თუმცა, ამის მიუხედავად, თავდაცვის სამინისტრო მზად არის წინააღმდეგობის გასაწევად. როგორც მე ვიცი, ამისთვის მუშაობა უკვე დაწყებულია“, – განაცხადა ეგვენი სერებრენიკოვმა.

საუბრის დროს ევგენი სერებრენიკოვს თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა აღნიშნა, რომ ეს საქმიანობა ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებისთვის დაიწყო.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პოლონეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მუდმივმოქმედი სამხედრო ბაზის განთავსების სანაცვლოდ ორი მილიარდი დოლარი შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაცია პოლონურმა გამოცემა Onet-მა გაავრცელა. ჟურნალისტების მიერ პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს შეთავაზების პროექტის მოპოვების შედეგად გაირკვა, რომ ვარშავას დიდი ხანია სურს ვაშინგტონთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში. მათ შორის არის ამერიკელი სამხედროების პოლონეთის ტერიტორიაზე დისლოცირება.