რუს და უკრაინელ ლეგენდებს ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ
რუს და უკრაინელ ლეგენდებს ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ

რიო-დე-ჟანეიროს შტატის ყოფილმა გუბერნატორმა სერჟიო კაბრალმა დაკითხვის დროს განაცხადა, რომ 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადის დედაქალაქის არჩევისას, ბრაზილიურმა მხარემ იყიდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრთა რამდენიმე ხმა. მათ შორის იყვნენ რუსული და უკრაინული სპორტის ლეგენდები – ალექსანდრ პოპოვი და სერგეი ბუბკა.

რიო-დე-ჟანეირო 2016 წლის ოლიმპიადის მასპინძლად 2009 წლის ოქტომბერში აირჩიეს. მისი კონკურენტი იყო მადრიდი. მაშინ კაბრალმა მიმართა მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს ლამინ დიაკს, რომელიც დაპირდა ბრაზილიელებს 5-6 ხმას 1.5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ.

კაბრალის თქმით, ორ მილიონ დოლარად იყიდეს ოლიმპიური კომიტეტის ცხრა წევრის ხმა. მოსყიდულთა შორის იყვნენ ლეგენდარული მოცურავე პოპოვი და ლეგენდარული ჭოკით მხტომელი ბუბკა. ფული გადაიხადა ბრაზილიელმა ბიზნესმენმა არტურ სოარეშმა.

კაბრალი რიო-დე-ჟანეიროს შტატის გუბერნატორი 2007-14 წლებში იყო. 2016 წელს, ის დააპატიმრეს ნავთობკომპანია Petrobras-ში თაღლითობის საქმეზე. მას საერთო ჯამში 100 წელი პატიმრობა მიუსაჯეს კორუფციის გამო.