რუსეთთან ამხანაგური მატჩის გამო, ბოსნიის ფეხბურთის ფედერაციას უეფა-ს სანქციები ემუქრება #1TVSPORT
რუსეთთან ამხანაგური მატჩის გამო, ბოსნიის ფეხბურთის ფედერაციას უეფა-ს სანქციები ემუქრება #1TVSPORT

უეფა-მ, შესაძლოა, ბოსნიის ნაკრები ჩამოაშოროს თავისი ეგიდით გასამართ ტურნირებს.

ბოსნიის ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს შემოიღებენ იმ შემთხვევაში, თუ 19 ნოემბერს გაიმართება ამხანაგური მატჩი რუსეთის წინააღმდეგ.

იტყობინებიან, რომ სანქციები შეეხება უეფა-ს დამდეგ ტურნირებს, აგრეთვე ფედერაციას ამოიღებენ უეფა-ს ფინანსური პროგრამებიდან.

„უეფა-მ გამოაცხადა, რომ ამხანაგური მატჩები არ შედის მის კომპეტენციაში. მაგრამ ამას შეიძლება მოჰყვეს სანქციები – შესაძლოა, უეფა-ს ეგიდით გასამართ ტურნირებზე. სავარაუდო სასჯელი ეფუძნება ევროპის კავშირის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომელსაც ემორჩილება ყველა ორგანიზაცია, მათ შორის, სპორტული. ასე რომ, თუ ჩატარდება ამხანაგური მატჩი რუსეთსა და ბოსნიას შორის, უეფა-ს აქვს მომზადებული ბოსნიის ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ სადამსჯელო ზომების პაკეტი.

შესაძლოა, ბოსნიური კლუბები და ნაკრებები ჩამოაშორონ ტურნირებს, როგორც ეს რუსების შემთხვევაში მოხდა. მაგრამ, ვფიქრობ, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა გააუქმებს რუსეთთან მატჩის ჩატარების გადაწყვეტილებას“, – ამბობს ბოსნიის ფეხბურთის ფედერაციასთან დაახლოებული წყარო.

შეგახსენებთ, რომ ბოსნიის ნაკრები დათანხმდა რუსეთთან ამხანაგურ მატჩის ჩატარებას ნოემბერში სანკტ-პეტერბურგის არენაზე. ამის სანაცვლოდ, ბოსნიური მხარე 200 ათას ევროს მიიღებს. მაგრამ ამ მატჩის წინააღმდეგ გამოვიდნენ ბოსნიელთა ლიდერები – ედინ ჯეკო და მირალემ პიანიჩი.