რუსეთში სკოლა-ინტერნატი დახურეს, რომლის აღსაზრდელები სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ
რუსეთში სკოლა-ინტერნატი დახურეს, რომლის აღსაზრდელები სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ

რუსეთში, ჩელიაბინსკის ოლქში სკოლა-ინტერნატი დაიხურა , რომლის აღსაზრდელები სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. ინფორმაციას რუსული რეგიონული მედია ავრცელებს.

სკოლა-ინტერნატის დახურვის შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს რეგიონის მთავრობის პრესსამსახურში, თუმცა განაცხადეს, რომ დაწესებულება წყლის მიწოდების შეზღუდვით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის გამო დაიხურა. რეგიონული მთავრობა განმარტავს, რომ ავარიის აღმოფხვრას დიდი დრო დასჭირდება.

სკოლა-ინტერნატის მოსწავლეებზე ძალადობის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია პრესსამსახურს არ უხსენებია.

აპრილის დასაწყისში პროკურატურამ ლაზურნენსკის სკოლა-ინტერნატში მოსწავლეების გაუპატიურებასთან  დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე აღძრა. სექსუალური ძალადობის საქმეში ერთადერთი ბრალდებული 51 წლის სერგეი კოკორინია, რომელიც სასწავლო დაწესებულებას პერიოდულად სტუმრობდა. ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

პროკურატურაში განაცხადეს, რომ ჩელიაბინსკის სოციალური დაცვის ცენტრალური სმმართველოს თანამშრომლებმა, რომელთა სახელებიც არ საჯაროვდება, დაუშვეს დარღვევები, რის გამოც სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილმა სკოლაში შესვლის საშუალება მიიღო. თუმცა თავად აღსაზრდელები ძალადობაში რამდენიმე მასწავლებელსაც ადანაშაულებენ. გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით ინტერნატის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.