რუსეთში შეიარაღებულმა პირმა სასამართლო შენობაში ერთი პირი მოკლა, ერთი კი დაჭრა
რუსეთში შეიარაღებულმა პირმა სასამართლო შენობაში ერთი პირი მოკლა, ერთი კი დაჭრა

რუსეთში შეიარაღებული პირი სასამართლოს შენობაში შეიჭრა, რა დროსაც ერთი ადამიანი მოკლა, ერთი კი მძიმედ დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველეს“ რუსული ბიურო ავრცელებს.

გამოძიების ცნობით, კემეროვოს ოლქში, ქალაქ ნოვოკუზნეცკის სასამართლოს შენობაში 45 წლის შეიარაღებული პირი შეღწევას ცდილობდა, თუმცა ამ დროს შენობის დაცვის წარმომადგენელმა მისთვის ხელის შეშლა სცადა. ბოროტმოქმედმა მას მუცლის არეში ესროლა, უსაფრთხოების წარმომადგენელი მალევე დაიღუპა. შენობაში შესვლის შემდეგ 45 წლის ბოროტმოქმედმა ერთ-ერთ ოთახში მყოფ ქალს ესროლა. როგორც ცნობილია, 43 წლის ქალი სასამართლოში ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით იმყოფებოდა. ის მძიმედ არის დაჭრილი.

ამის შემდეგ ადგილზე მყოფმა დაცვის წევრებმა და „როსგვარდიის“ წარმომადგენლებმა დააკავეს. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა. თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია.