რუსეთში საპენსიო ასაკის მომატებასთან დაკავშირებით მასშტაბური დემონსტრაციები გაიმართა
რუსეთში საპენსიო ასაკის მომატებასთან დაკავშირებით მასშტაბური დემონსტრაციები გაიმართა

რუსეთის ათობით ქალაქში დღეს საპენსიო ასაკის მომატებასთან დაკავშირებით მასშტაბური დემონსტრაციები გაიმართა. ყველაზე ფართომასშტაბიანი აქცია ქალაქ ომსკში ჩატარდა, სადაც საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად ხუთი ათასამდე ადამიანი გამოვიდა. რუსეთის ცენტრალურ ნაწილში არსებულ ქალაქში დემონსტრაცია პოლიტიკური ძალების კოალიციამ მოაწყო. მათ შორის იყვნენ რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული, ასევე რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიების ლიდერები. დემონსტრაციას შეუერთდნენ ოპოზიციონერ, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერებიც.

აქტივისტების მთავარი პროტესტი ქვეყანაში დაგეგმილი საპენსიო ასაკის მომატებისკენ იყო მიმართული. დემონსტრაციაზე ახალმა ბრალდებებმაც გაიჟღერა. აქტივისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობამ აღნიშნული ცვლილება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო.

შეგახსენებთ, რომ 14 ივნისს რუსეთის ხელისუფლებამ საპენსიო ასაკის გაზრდასთან დაკავშირებით კანონპროექტს მხარი დაუჭირა. დოკუმენტის თანახმად, რუსეთში 2028 წლისთვის მამაკაცების საპენსიო ასაკი 60-დან 65-მდე გაიზრდება. რაც შეეხება ქალებს, 2034 წლისთვის მათი საპენსიო ასაკი, 55-ის ნაცვლად, 60 წელი იქნება.