რუსეთში, ქალაქ ვოლგოგრადში, სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე იერიში განხორციელდა
რუსეთში, ქალაქ ვოლგოგრადში, სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე ღამით იერიში განხორციელდა.
მედია ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ იერიშებისას საჰაერო თავდასხმის შესახებ გაფრთხილება არ გავრცელებულა.
ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ბოჩაროვმა რეგიონში სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე დრონებით მასშტაბური თავდასხმა დაადასტურა, თუმცა ნავთობგადამამუშავებელ და ქიმიურ ქარხნებში ხანძრებზე კომენტარი არ გაუკეთებია.
„ვოლგოგრადის რაიონში მდებარე მაღალსართულიან საცხოვრებელ შენობაში ხანძარი გაჩნდა, რაც კიევის კრიმინალური რეჟიმის მიერ ვოლგოგრადის ოლქში სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებულ მასშტაბურ ტერორისტულ თავდასხმას მოჰყვა“, – განაცხადა ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა.
ცნობისთვის, ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ლუკოილის“ ნაწილი და რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. ობიექტი ბენზინს, დიზელს და საავიაციო საწვავს აწარმოებს.