რუსეთში ოპოზიციონერი ლიუბოვ სობოლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
რუსეთში ლიუბოვ სობოლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ლიუბოვ სობოლი რუსი ოპოზიციონერი და ალექსეი ნავალნის მოკავშირეა, რომელსაც რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომლის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეჭრაში ედება ბრალი. როგორც „როიტერი“ წერს, სობოლი უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის იმ თანამშრომლის სახლში შეღწევას ცდილობდა, რომელიც შესაძლოა, ალექსეი ნავალნის მოწამვლაზე იყოს პასუხისმგებელი.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სობოლმა საცხოვრებელ სახლში შესასვლელად კურიერი მოატყუა და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლის სახლში შეღწევა სცადა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სობოლი სახლში შეღწევის მიზნით ძალადობრივი მეთოდების გამოყენებაშიც არის ეჭვმიტანილი, რაც რუსეთში თავისუფლების ორი წლით აღკვეთით ისჯება.