რუსეთში ოპოზიციის მხარდამჭერ აქციებზე 70-მდე აქტივისტი დააკავეს  
რუსეთში ოპოზიციის მხარდამჭერ აქციებზე 70-მდე აქტივისტი დააკავეს  

რუსეთში ოპოზიციის მხარდამჭერ აქციებზე 70-მდე აქტივისტი დააკავეს, – ამის შესახებ „როიტერი“ ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, 55 პირი სანკტ-პეტერბურგში მიმდინარე მანიფესტაციაზე, 10  – მოსკოვში, 7 კი, დონის როსტოვში დააკავეს.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, მოსკოვში მიმდინარე ოპოზიციურ დემონსტრაციას 50 ათასამდე ადამიანი ესწრება, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო კი,  ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიტინგს 15 ათასამდე მონაწილე ჰყავს.

სანქცირებული აქცია მოსკოვის ცენტრალურ ნაწილში, სახაროვას პროსპექტზე იმართება.

რუსეთის დედაქალაქში დემონსტრაციები უკვე რამდენიმე კვირაა იმართება. დემონსტრანტები საქალაქო დუმაში დამოუკიდებელი კანდიდატების დაბლოკვასა და აქტივისტების დაკავებას აპროტესტებენ. თუმცა აქციები ხშირ შემთხვევაში, მასობრივი დაკავებებით სრულდება.

სამართალდამცველებმა ამ დრომდე დემონსტრაციის დროს 2 ათასამდე ადამიანი დააკავეს. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განმარტებით, დაკავების მიზეზი მათი გეგმები იყო. როგორც სობიანინმა აღნიშნა, აქტივისტების ნაწილი ადმინისტრაციულ შენობებზე თავდასხმებს აპირებდა.

გაერო-მ და ევროკავშირმა რუსი სამართალდამცველების ქმედებები დაგმეს და რუსეთის ხელისუფლებას მშვიდობიანი პროტესტის გამართვის უფლების დაცვისკენ მოუწოდეს.