რუსეთში მორიგი საპროტესტო აქციის წინ, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის რამდენიმე შტაბი გაჩხრიკეს
რუსეთში მორიგი საპროტესტო აქციის წინ, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის რამდენიმე შტაბი გაჩხრიკეს. გავრცელებული ცნობით, ჩელიაბინსკის ოფისში სამართალდამცველები მაშინ მივიდნენ, როდესაც შენობაში თანამშრომლები არ იმყოფებოდნენ.
ამასთან, პოლიციამ გაჩხრიკა ნავალნის ორი მოკავშირის საცხოვრებელი ბინაც.
მანამდე, პოლიციამ ასევე გაჩხრიკა ნავალნის მოსკოვის შტაბის კოორდინატორის სახლიც.
რუსეთში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი მორიგი აქცია 14 თებერვალსაა დაგეგმილი. ორგანიზატორებმა მოუწოდეს მომხრეებს, მოსკოვის დროით 20:00 საათზე გავიდნენ ქუჩაში და ტელეფონების სანათები ჩართონ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ეს ღონისძიება დასავლეთის ზეგავლენით იმართება და არ არის სანქცირებული. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ, საგამოძიებო კომიტეტმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა მოქალქეებს, არ მიიღონ აქციაში მონაწილეობა.