რუსეთის ქალაქ კრასნოგორსკში, მოხუცებულთა თავშესაფარში ხანძარს ათი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ჰოსპიტალიზებულია ცხრა ადამიანი. მათგან ექვსი რეანიმაციაში იმყოფება.
როგორც მედიასაშუალება საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, ცეცხლის გაჩენის დროს შენობაში 37 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან რვა თავშესაფრის პერსონალი.
საგანგებო სამსახურების ცნობით, შეტყობინება ხანძრის შესახებ ადგილობრივი დროით შუაღამით მიიღეს. ცეცხლი ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა. ხანძრის ლოკალიზება მაშველებმა დაახლოებით საათსა და ათ წუთში შეძლეს.
წინასწარი ვერსიით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი წყლის გაუმართავი გამათბობელი გახდა.