რუსეთში მასშტაბური სამხედრო სწავლება „ვოსტოკ 2018“ იწყება
რუსეთში მასშტაბური სამხედრო სწავლება „ვოსტოკ 2018“ იწყება

რუსეთში დღეს მასშტაბური სამხედრო სწავლება „ვოსტოკ 2018“ იწყება. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მანევრებში რეკორდული რაოდენობის სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. წინასწარი ცნობებით, წვრთნებში 300 000 ჯარისკაცი ჩაერთვება. ასევე, გამოყენებული იქნება 1000 ერთეული თვითმფრინავი, დრონი და ვერტმფრენი, 80-ზე მეტი გემი და 36 000 ერთეული მძიმე ტექნიკა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს თქმით, სწავლების აქტიური ფაზა რუსეთის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ხუთ პოლიგონზე გაიმართება. რაც შეეხება გემებს, ისინი იაპონიის, ოხოტისა და ბერინგის ზღვაში ჩაატარებენ მანევრებს.

სამხედრო წვრთნებში რუს, ჯარისკაცებთან ერთად, 3200 ჩინელი სამხედროც ჩაერთვება. მანევრებში მონაწილეობს მონღოლეთიც.

„ვოსტოკ 2018“-ის მიმდინარეობას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დააკვირდება. მასშტაბური წვრთნები ოთხ დღეს გაგრძელდება.