რუსეთში მამაკაცი ღვინის მოსაპარად გატაცებული ჯავშანტრანსპორტიორით მაღაზიაში შეიჭრა
რუსეთში მამაკაცი ღვინის მოსაპარად გატაცებული ჯავშანტრანსპორტიორით მაღაზიაში შეიჭრა

მურმანსკის რეგიონში მამაკაცმა ღვინის მოპარვის მიზნით ჯავშანტრანსპორტიორი გაიტაცა და მაღაზიაში შევარდა. რუსული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ აპატიტში მოხდა.

მაღაზიის ვიტრინის დამტვრევამდე, ჯავშანტრანსპორტიორმა მიმდებარე ტერიტორიაზე მდგომი ავტომობილი დააზიანა. 1988 წელს დაბადებულმა მამაკაცმა ჯავშანტრანსპორტიორი ავტოსკოლის სადგომიდან გაიტაცა და ქალაქში ტყის გავლით ჩავიდა. მაღაზიის შესასვლელის დაზიანების შემდეგ, ნასვამი მამაკაცი ჯავშანტრანსპორტიორიდან ამოვიდა და მაღაზიაში ღვინის ასაღებად შევიდა, სადაც დააკავეს.

როგორც ირკვევა, ჯავშანტრანსპორტიორის გამტაცებელი მამაკაცი სასწავლო ცენტრიდან „კამაზის“ მარკის ავტომობილის გატაცების გამო 4 იანვარსაც დააკავეს.