რუსეთში ელექტროენერგიის მიწოდების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, „ინტერ რაოს“ წარმომადგენლის განცხადებაზე საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო განმარტებას აკეთებს
რუსულ კომპანია „ინტერ რაოში“ აცხადებენ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანისგან რუსეთში ელექტროენერგიის მიწოდების შესაძლებლობასთან დაკავშირებით პასუხი მიიღეს.
რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ „ინტერ რაოს“ მმართველი საბჭოს წევრმა, ალექსანდრა პანინამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მივიღეთ პასუხი. აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ შეუძლია, უზრუნველყოს ავარიული დახმარება 250-300 მეგავატის მოცულობით. საქართველოს პასუხია, რომ სიტუაციის მიხედვით. ისინი წინასწარ დაპირებას ვერ იძლევიან, თუმცა გადაწყვეტილებას სიტუაციის მიხედვით მიიღებენ“, – განაცხადა პანინამ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანიდან რუსეთში ელექტროენერგიის მიწოდება უკვე მოხდა. მანამდე, ოქტომბერში პანინამ განაცხადა, რომ რუსეთმა აზერბაიჯანს და საქართველოს ავარიული რეჟიმების დროს ელექტროენერგიის მიწოდება სთხოვა.
აღნიშნულ თემაზე განმარტება გაკეთდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
„საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემა ფიზიკურად არის დაკავშირებული ოთხივე მეზობელი სახელმწიფოს ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან. ოპერირების პროცესში, გადამცემი სისტემის ოპერატორი, არსებული პროცედურების თანახმად, ერთჯერადად იღებს გადაწყვეტილებას ტრანსსასაზღვრო რეჟიმების შესახებ, მათ შორის, ამა თუ იმ სისტემასთან სინქრონულ-პარალელური, საექსპორტო/საიმპორტო, ავარიული, კუნძულოვანი ან ნულოვანი ოპერირების თაობაზე. ელექტროენერგეტიკული სისტემის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ეს მსოფლიოში დანერგილი, ჩვეული პრაქტიკაა. აღნიშნული საკითხები დამატებით რეგულირდება მეზობელი ქვეყნების სისტემის ოპერატორებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით. რუსეთის შემთხვევაში, აღნიშნული რეგულირდება რუსეთის ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორთან 2007 წელს გაფორმებული ორი ხელშეკრულებით: რუსეთიდან საქართველოში და საქართველოდან რუსეთში ავარიული სიტუაციების დროს ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ“, – აცხადებენ სამინისტროში.