რუსეთში დღეს „ნემცოვის მარში“ იმართება
რუსეთში დღეს „ნემცოვის მარში“ იმართება

რუსეთში დღეს „ნემცოვის მარში“ იმართება. აქცია ოპოზიციონერი რუსი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობიდან ოთხი წლისთავს ეძღვნება.

მოსკოვსა და სხვა ქალაქებში, სადაც დღეს დემონსტრაციაა დაგეგმილი, უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.

მოსკოვში აქციის მონაწილეები შეკრების ადგილზე უკვე მიდიან. მათ ნაწილს ხელში დაპატიმრებული აქტივისტის ანასტასია შევჩენკოს მხარდამჭერი ტრანსფარანტები უჭირავს. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მარშში სავარაუდოდ 30 000 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ანალოგიური აქცია დაგეგმილია სანკტ-პეტერბურგში, ირკუტსკში, კრასნოიარსკში და ა.შ.

პირველად ბორის ნემცოვის სახელობის მარში 2015 წლის პირველ მარტს გაიმართა. მაშინ დემონსტრაციებში 16 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოკლეს. მას მოსკოვის ცენტრში, ზურგში ესროლეს. მკვლელობის შემსრულებლები პატიმრობაში არიან, თუმცა შემკვეთი ამ დრომდე არ დაუკავებიათ.