რუსეთში ჩინეთის საელჩოს ცნობით, მოსკოვზე უკრაინული დრონით თავდასხმის შედეგად ჩინეთის სამი მოქალაქეა დაშავებული
მოსკოვზე უკრაინული დრონით თავდასხმის შედეგად ჩინეთის სამი მოქალაქე დაშავდა. ინფორმაციას რუსეთში ჩინეთის საელჩო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ორი ადამიანი მკურნალობას ადგილობრივ საავადმყოფოში გადის და მათი მდგომარეობა სტაბილურია, მესამე პირმა კი მკურნალობის მიზნით ჩინეთში გადაყვანა მოითხოვა.
„საელჩომ დაუყოვნებლივ აამოქმედა საგანგებო რეაგირების მექანიზმი და რუსეთის ხელისუფლებას სთხოვა, მიეღოთ ყველა საჭირო ზომა დაშავებულების სამკურნალოდ და ჩინეთის მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ქონების დასაცავად“, – ნათქვამია განცხადებაში.
მედიის ცნობით, აღნიშნული პირები იმ ათ ადამიანს შორის არიან, რომლებიც გუშინ მოსკოვზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავდნენ.