რუსეთში არჩევნების პირველ დღეს, საარჩევნო ურნებისა და კაბინების დაზიანებისთვის რამდენიმე ადამიანი დააკავეს
რუსეთში არჩევნების პირველ დღეს, საარჩევნო ურნებისა და კაბინების დაზიანებისთვის რამდენიმე ადამიანი დააკავეს

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ დღეს საარჩევნო უბნებზე ვანდალიზმისთვის რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

გავრცელებული ცნობებით, ინციდენტების უმეტესობა მოხდა მოსკოვის, ვორონეჟისა და ყარაჩაი-ჩერქეზეთის რეგიონში.

მოსკოვის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ქალმა ბიულეტენების ურნაში ბრილიანტის მწვანე ჩაასხა. მის წინააღმდეგ საგამოძიებო კომიტეტმა საქმე აღძრა საარჩევნო უფლების განხორციელებისა და საარჩევნო კომისიების მუშაობის ხელის შეშლის მუხლით. ქალი დაკითხვაზე გადაიყვანეს.

საარჩევნო ურნებში მწვანე ფერის სითხე ჩაღვარეს ორ საარჩევნო უბანზე ვორონეჟის ოლქშიც, სადაც პოლიციამ 58 და 66 წლის ამომრჩევლები დააკავა. ბრილიანტის მწვანის ჩასხმის მცდელობების შესახებ ასევე ცნობილი გახდა ვოლგოგრადისა და ნოვოსიბირსკის ოლქებში, ასევე ოკუპირებულ სიმფეროპოლში. როსტოვსა და ყარაჩაი-ჩერქეზეთში კი საარჩევნო ურნებში მელანი ჩაღვარეს.

მოსკოვის მარიონოს რაიონის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე კი ხანდაზმულმა ქალმა ხმის მიცემისთვის განკუთვნილ კაბინაში აალებადი სითხე შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. ცეცხლი ჩააქრეს, მოქალაქე კი დააკავეს. კაბინისთვის ცეცხლის წაკიდების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა მოსკოვის ოლქის მიტიშის დასახლებაშიც.

კიდევ ერთი ინციდენტი სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ რაიონში მოხდა, სადაც საარჩევნო უბნის შესასვლელს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს, დააკავეს 21 წლის გოგო. ანალოგიური შემთხვევა ხანტი-მანსის ავტონომიურ რეგიონშიც მოხდა.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15 მარტს დაიწყო და 17 მარტს დასრულდება.