რუსეთში ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციებზე 1 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
რუსეთში ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციებზე 1 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

რუსეთში ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციებზე 1 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, მიტინგები ათეულობით ქალაქში იმართება. მხოლოდ მოსკოვში პოლიციამ 200-მდე აქტივისტი დააკავა.

სამართალდამცველების მიერ დაკავებულთა შორის არის ალექსეი ნავალნის მეუღლე, ასევე მისი ახლო მოკავშირე პოლიტიკოსი ლიუბოვ სობოლი.

როგორც რუსული მედია წერს, პოლიცია დემონსტრანტების მიმართ ძალას იყენებს. ბევრი ადამიანი აქციაზე მისვლამდე დააკავეს.

დემონსტრაციები, რომელთა მონაწილეებიც ალექსეი ნავალნისა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ, იმართება სანქტ-პეტერბურგში, ეკატერინბურგში, სოჭსა და სხვა ქალაქებში. მანამდე აქციები შედგა ხაბარკოვსკში და ვლადივოსტოკშიც.

ალექსეი ნავალნი 17 იანვარს დაბრუნდა რუსეთში გერმანიიდან, სადაც ის ხუთი თვის განმავლობაში სამხედრო ნერვულ-პარალიტიკური შხამით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა. ოპოზიციონერი აეროპორტშივე დააკავეს და ის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახური ნავალნი კოსმეტიკური კომპანია „ივ როშეს“ საქმეზე პირობითი მსჯავრის რეალურით ჩანაცვლებას ითხოვს. სასამართლო სხდომა ამ საკითხზე თებერვლის დასაწყისშია ჩანიშნული.