რუსეთში აფეთქების შედეგად სტავროპოლის მერის მოადგილე ზაურ გურციევი დაიღუპა
რუსეთში აფეთქების შედეგად სტავროპოლის მერის მოადგილე, უკრაინის წინააღმდეგ ომის მონაწილე ზაურ გურციევი დაიღუპა. ამის შესახებ სტავროპოლის მხარის გუბერნატორი ვლადიმირ ვლადიმიროვი ავრცელებს ინფორმაციას.
გუბერნატორის ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება და განიხილება ყველა ვერსია, მათ შორის ტერაქტი უკრაინის მონაწილეობით.
საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ჩეხოვის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან აფეთქების შედეგად, მერის მოადგილესთან ერთად, ასევე დაიღუპა მისი ნაცნობი მამაკაცი.
გურციევი პრეზიდენტის საკადრო პროგრამის, „გმირების დროს“ მონაწილე იყო. ის უკრაინის ომიდან 2024 წლის მაისში დაბრუნდა და სექტემბერში სტავროპოლის მერის მოადგილედ დანიშნეს.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობებით, გურციევი ხელმძღვანელობდა მარიუპოლის დაკავების ოპერაციის საჰაერო ნაწილს.