რუსეთში აცხადებენ, რომ სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის პრიორიტეტული ადგილი აბუ დაბია
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს პერიოდში რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები განახლდება.
მისივე თქმით, რუსეთი ამერიკულ მხარესთან კონტაქტს ინარჩუნებს, თუმცა რაიმე სახის სამოქმედო გეგმა ამ ეტაპზე არ არსებობს.
„არსებობს საერთო ინიციატივა, საერთო პოლიტიკური სურვილი, რომელიც დადასტურდა, სამმხრივი მოლაპარაკებების განახლების. ვიმედოვნებთ, რომ ეს მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში განახლდება. ჩვენ ვაგრძელებთ კონტაქტების შენარჩუნებას ჩვენს ამერიკელ თანამოსაუბრეებთან“, – განაცხადა პესკოვმა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა დაასახელა ადგილი, სადაც მოსკოვი სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გამართვას დათანხმდებოდა.
უშაკოვმა რუსულ მაუწყებელ „ვესტის“ განუცხადა, რომ კრემლი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, აბუ დაბის პოტენციური მოლაპარაკებებისთვის „პრიორიტეტულ ადგილად“ მიიჩნევს.