რუსეთში აცხადებენ, რომ დაკავებულია ქვეყნის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ძალების ხელმძღვანელის მკვლელი
რუსეთში აცხადებენ, რომ დაკავებულია ქვეყნის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ძალების ხელმძღვანელის მკვლელი

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ დაკავებულია ქვეყნის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ძალების ხელმძღვანელის მკვლელი.

მათი ინფორმაციით, დაკავებული 29 წლის უზბეკეთის მოქალაქეა და იგი უკრაინული სპეცსამსახურების მიერ იყო გადაბირებული.

ცნობისთვის, რუსი გენერალი იგორ კირილოვი 17 დეკემბერს მოსკოვში აფეთქების შედეგად დაიღუპა. ასაფეთქებელი მოწყობილობა საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან მდგარ სკუტერში იყო ჩამონტაჟებული. აფეთქების შედეგად ასევე დაიღუპა იგორ კირილოვის თანაშემწე.

მოგვიანებით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ მოსკოვში რუსი გენერლის აფეთქება მათი სპეცოპერაციის შედეგია.

რუსული მედია ვიდეომასალასაც ავრცელებს, სადაც დაკავებული ყვება, რომ მოსკოვში უკრაინული სპეცსამსახურების დავალებით ჩავიდა და მკვლელობისთვის 100 ათასი დოლარი შესთავაზეს.