რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა
რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა

რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ წერს, უკრაინამ 100 მოქალაქე დაიბრუნა, მათ შორის სამხედროები, მეზღვაურები, მესაზღვრეები და ეროვნული გვარდიის წევრები.

ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებულებს შორის არიან მარიუპოლის, „აზოვსტალის“, „ჰოსტომელის“ დამცველები. ზოგიერთ მათგანს სერიოზული ჭრილობები აქვს მიღებული.

„ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელია, რომ თითოეულმა მათგანმა აუცილებელი დახმარება მიიღოს“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ გაცვლის შედეგად რუსეთში 106 სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა.

სამხედრო ტყვეების საკითხზე მომუშავე უკრაინის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, უკრაინულმა მხარემ აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე დააბრუნა მძიმედ დაჭრილი ხუთი ტყვე ოკუპანტი, მათ შორის უკრაინის ტყვეობაში მყოფი ერთადერთი ქალი. შტაბის ცნობით, მანამდე ამ პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს, რომ მათი ტრანსპორტირება ყოფილიყო შესაძლებელი.