რუსეთსა და საქართველოს შორის ღია ცის შეთანხმების განხილვა 26 თებერვალს გაიმართება
რუსეთსა და საქართველოს შორის ღია ცის შეთანხმების განხილვა 26 თებერვალს გაიმართება

მიმდინარე წლის 26 თებერვალს, ვენაში, რუსეთსა და საქართველოს შორის ღია ცის შეთანხმების განხილვა გაიმართება, რომელიც ჩაშლის საფრთხის წინაშეა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ სამხედრო-დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სააგენტო იტყობინება, საქართველოს უკან დგას აშშ, ასევე, კანადა და ევროპული ქვეყნების ნაწილი: ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, რუმინეთი და უკრაინა.

იმ შემთხვევაში, თუ 26 თებერვალს ვენაში ღია ცის საკონსულტაციო კომისიის სხდომაზე მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ამის შესაძლებლობა მარტში, მოლაპარაკებების სესიის დახურვის წინ იქნება.

გასული წლის დეკემბრის ბოლოს, “რია ნოვოსტის“ სამხედრო-დიპლომატიურმა წყარომ განუცხადა, რომ ღია ცის შეთანხმების ფარგლებში,  სადამკვირვებლო ფრენები შესაძლოა შეწყდეს, რადგან საქართველოს არ სურს რუსულ თვითმფრინავებს თავისი საჰაერო სივრცე გაუხსნას.

ღია ცის შეთანხმებას ეუთო-ს წევრმა 23-მა სახელმწიფომ 1992 წლის 24 მარტს ჰელსინკიში მოაწერა ხელი. შეთანხმების მონაწილეებს შეუძლიათ ერთმანეთის ტერიტორიაზე სამხედრო აქტიურობის კონტროლის მიზნით, სამეთვალყურეო ფრენები განახორციელონ.