უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე სულ უფრო და უფრო მკვეთრია სპორტული სამყაროს რეაქცია. ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ (FIDE) გამოაცხადა, რომ 2022 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა რუსეთში არ გაიმართება.
„ფიდე-ს საბჭომ გადაწყვიტა, რომ 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადა, მათ შორის შეჯიბრებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოთამაშეებისთვის, ისევე როგორც ფიდეს კონგრესი, რუსეთში არ გაიმართება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ოლიმპიადის სხვა ორგანიზატორი ვიპოვოთ და დროულად მივაწოდოთ ინფორმაცია ფიდე-ს კონგრესის 2022 წლის ადგილისა და თარიღების შესახებ“, – ნათქვამია ფიდე-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელიც მინსკში უნდა გამართულიყო, 2020 წლის დეკემბერში რუსეთში გადაიტანეს. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ოლიმპიადას რუსეთი უმასპინძლებდა 2020 წელს, ხოლო ბელორუსი – 2022 წელს. მოგვიანებით, რუსეთის ტურნირი 2021 წლისთვის გადაიდო კოროვირუსით გამოწვეული პანდემიის გამო და ბელორუსმა გადაწყვიტა შეჯიბრებაზე უარი ეთქვა.
„სკანდალური რუსული კომპანია „გაზპრომი“ მსოფლიო ასოციაციის მთავარი სპონსორია, რომელსაც სხვა მნიშვნელოვანი რუსი პარტნიორებიც ჰყავს. ფიდე-ს პრეზიდენტი არკადი დვორკოვიჩი რუსია. ის ხელმძღვანელობდა 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტს და მანამდე მრავალი წლის განმავლობაში იყო ჩართული პოლიტიკაში და მოსკოვის ვიცე-პრემიერიც იყო“, – წერს გერმანული გამოცემა „ბილდი“.
ამავე დროს, გამოჩნდა კიდევ რუსი სპორტსმენი, რომელმაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გამო, რუსეთის სახელით გამოსვლა იუარა.
ლაპარაკია რუს მოჭადრაკეზე, დიდოსტატ ვიაჩესლავ ტილიჩეევზე, რომელიც ტურნირებზე რუსეთის სახელით აღარ იასპარეზებს:
„ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით, შეუძლებლად და მიზანშეუწონლად მიმაჩნია რუსეთის ფედერაციის სახელით საჭადრაკო შეჯიბრებებში მონაწილეობა. ფიდე-ს და ბულგარეთის ჭადრაკის ფედერაციას (ბოლო წლებია ბულგარეთში ცხოვრობს) უკვე გავუგზავნე თხოვნა, რომ შეცვალონ ჩემი საჭადრაკო მოქალაქეობა ან მინიმუმ ნეიტრალური დროშის ქვეშ ვითამაშო. სანამ ეს არ მოხდება, არც ერთ ტურნირში მონაწილეობას არ ვაპირებ. ვფიქრობ, ფიდე-მ უნდა მიიღოს ზომები, რომ ასეთი რამ ყველასთვის შესაძლებელი გახდეს, ვინც ამ დღეებში მიმდინარე მოვლენებისგან განზე არ გადგა. მოუთმენლად ველი მათ განცხადებებს ამ საკითხთან დაკავშირებით“, – წერს დიდოსტატი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.