რუსეთს ევროვიზიაზე სერგეი ლაზარევი წარადგენს

რუსეთს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე სერგეი ლაზარევი წარადგენს.

ქვეყნის წარმომადგენლის ოფიციალური პრეზენტაცია ტელეარხ „რასია ერთის“ გადაცემაში „გამარჯობა, ანდრეი!“ რამდენიმე საათის წინ შედგა.

„ახლა კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩემი ქვეყანა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ადეკვატურად წარვადგინო. მაქვს საკმარისი გამოცდილება, დამიჯერეთ. სხვა არჩევანი არ მაქვს, კონკურსი გამარჯვებით უნდა დავასრულო“, – განაცხადა 35 წლის სერგეი ლაზარევმა, რომელიც უკვე მეორედ იბრძოლებს რუსეთის სახელით ევროპის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური კონკურსის მოსაგებად.

ამ ეტაპზე უცნობია საკონკურსო სიმღერის სახელი და მისი გამოსვლის თარიღი, თუმცა ცნობილია, რომ ლაზარევის პროდიუსერი ფილიპ კირკოროვი იქნება.

შეგახსენებთ, რომ სერგეი ლაზარევი 2016 წელსაც იყო რუსეთის წარმომადგენელი ევროვიზიაზე, სიმღერით You Are The Only One. მაშინ ლაზარევმა 491 ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ამ წელს კონკურსი უკრაინელმა ჯამალამ მოიგო.