რუსეთმა ზებგერითი კომპლექსი „ავანგარდი“ საბრძოლო შეიარაღებაში მიიღო
რუსეთმა ზებგერითი კომპლექსი „ავანგარდი“ საბრძოლო შეიარაღებაში მიიღო

რუსეთმა ზებგერითი კომპლექსი „ავანგარდი“ საბრძოლო შეიარაღებაში მიიღო.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ქვეყნის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ ზებგერითი მართვადი სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო კომპლექსით აღჭურვილი პირველი ლეგიონი, საბრძოლო მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ლეგიონი ორენბურგის ოლქშია განთავსებული.

ვლადიმერ პუტინმა ზებგერითი სარაკეტო კომპლექსი სხვა უახლეს სისტემებთან ერთად, გასულ წელს, ფედერალური კრებისადმი მიმართვის დროს წარადგინა. რუსული მედია წერს, რომ რუსეთი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა გახდა, რომელმაც ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მას აქვს ზებგერითი იარაღი.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, „ავანგარდს“ შეუძლია ატმოსფეროს მკვრივ ფენებში ​კონტინენტთაშორის მანძილზე ფრენა. სამიზნის მიმართულებით გადაადგილებისას, მართვადი ფრთოსანი ბლოკი ე.წ. ღრმა მანევრირებას ახორციელებს. ეს ​საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ნებისმიერი სისტემის მხრიდან​ აბსოლუტურად დაუზიანებელს ხდის. რუსეთის პრეზიდენტმა „ავანგარდს“ აშშ-ს სარაკეტო თავდაცვის სისტემაზე „ადეკვატური და ასიმეტრიული რეაგირება“ უწოდა.