რუსეთმა უკრაინის ელექტროენერგიის გამომუშავებისა და განაწილების ობიექტებზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა

18:02, 03.02.2026

რუსეთმა 3 თებერვლის ღამეს უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს წლის დასაწყისიდან ყველაზე ძლიერი დარტყმა მიაყენა.

რუსეთის თავდასხმის სამიზნე ელექტროენერგიის გამომუშავებისა და განაწილების ობიექტები გახდა.

უკრაინული მედიის ცნობით, დარტყმები კიევში, ხარკოვსა და დნეპროპეტროვსკის გათბობის რეჟიმში მომუშავე კომბინირებულ თბოელექტროსადგურებზე განხორციელდა, რის გამოც ელექტროენერგიის ქსელი სერიოზული შეზღუდვების პირობებში მუშაობს.

კიევის დარნიცკისა და დნეპროვსკის რაიონებში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ 1 100-ზე მეტი სახლი გათბობის გარეშე რჩება.

როგორც მედია წერს, რუსებმა უპრეცედენტო დარტყმა მიაყენეს ხარკოვის ენერგოსისტემას. მერმა იგორ ტერეხოვმა აღნიშნა, რომ დარტყმები განზრახ იყო მიმართული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რაც მიზნად ისახავდა მაქსიმალური ზიანის მიყენებას და ძლიერი სიცივის დროს ქალაქის გათბობის გარეშე დატოვებას.

მსგავსი