რუსეთმა სუმის რკინიგზის სადგურზე სამგზავრო მატარებელი დაბომბა, დაშავებულია, სულ მცირე, 30 ადამიანი [ვიდეო]

რუსეთმა სუმის რკინიგზის სადგურზე სამგზავრო მატარებელი დაბომბა, დაშავებულია, სულ მცირე, 30 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, მოძრავი სამგზავრო მატარებელი რუსულმა ძალებმა გამიზნულად დაბომბეს.

უკრაინის თემებისა და ტერიტორიების განვითარების სამინისტროს განცხადებით, რკინიგზის სადგურზე ორი დარტყმა განხორციელდა. პირველი დარტყმა ტერეშჩინსკ-ნოვოგრად-სივერსკის სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივზე მოხდა, მეორე კი კიევი-შოსტკას მატარებელზე.

მედიის ცნობით, დაჭრილებიდან ათი უკვე საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. მისივე თქმით, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური.

„სუმის ოლქის შოსტკას რკინიგზის სადგურზე რუსული დრონის სასტიკი თავდასხმა განხორციელდა. ადგილზე უკვე იმყოფება სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური და დაიწყეს ხალხის დახმარება. დაშავებულების შესახებ ყველა ინფორმაცია დადგენის პროცესშია. ამ დროისთვის ცნობილია 30 დაშავებულის შესახებ. წინასწარი ინფორმაციით, დარტყმის ადგილზე იმყოფებოდნენ როგორც „უკრზალიზნიცის“ თანამშრომლები, ასევე მგზავრები.

რუსებს არ შეეძლოთ არ სცოდნოდათ, რომ მშვიდობიან მოსახლეობას ესხმოდნენ თავს. ეს არის ტერორი, რომლის იგნორირებაც მსოფლიომ არ უნდა დაუშვას. რუსეთი ყოველდღიურად კლავს ადამიანებს. მხოლოდ ძალას შეუძლია მათი შეჩერება. ჩვენ მოვისმინეთ მტკიცე განცხადებები ევროპისა და ამერიკისგან. დროა, ეს ყველაფერი რეალობად ვაქციოთ ყველასთან ერთად, ვინც უარს ამბობს მკვლელობისა და ტერორის ნორმალურად აღქმაზე. ახლა სიტყვებით საუბარი საკმარისი არ არის. საჭიროა ძლიერი ქმედებები“, – განაცხადა ზელენსკიმ.