რუსეთმა სლოვაკეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საელჩოების რამდენიმე თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა
რუსეთმა სლოვაკეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საელჩოების რამდენიმე თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა

რუსეთმა სლოვაკეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საელჩოების თანამშრომლების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის შესახებ, ოფიციალური განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.

„ვილნიუსი, რიგა და ტალინი აგრძელებენ ღია, მტრულ კურსს რუსეთის წინააღმდეგ, რომელსაც ჩეხეთის ქმედებების მიმართ ფსევდო სოლიდარობით ნიღბავენ. შესაბამისად, ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით, ელჩებს ეცნობათ, რომ ლიეტუვის საელჩოს ორმა თანამშრომელმა, ასევე ლატვიისა და ესტონეთის საელჩოების თითო-თითო თანამშრომელმა შვიდი დღის ვადაში უნდა დატოვონ რუსეთის ფედერაციის ტერიტორია“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სლოვაკეთის საელჩოს სამი თანამშრომელი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა.

„ჩეხეთის პროვოკაციული ანტირუსული კამპანიის მიმართ ცრუ სოლიდარობა ზიანს აყენებს რუსეთ-სლოვაკეთის ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობას და კონსტრუქციულ ორმხრივ თანამშრომლობას. საპასუხო ზომის სახით, მოსკოვში სლოვაკეთის სამი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა, რომლებმაც 2021 წლის 5 მაისამდე უნდა დატოვონ რუსეთის ფედერაცია“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ ჩეხეთის მიერ რუსეთის საელჩოს თანამშრომლების მიმართ განხორციელებული ქმედებების სოლიდარობის ნიშნად, სლოვაკეთმა და ბალტიის ქვეყნებმა რუსეთის საელჩოების თანამშრომლები გააძევეს, რომლებსაც დიპლომატიურ სტატუსთან შეუსაბამო საქმიანობაში დასდეს ბრალი.