რუსეთმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ორი სტრატეგიული ბომბდამშენი გაგზავნა
რუსეთმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ორი სტრატეგიული ბომბდამშენი გაგზავნა

რუსეთმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ორი ერთეული „ტუ-160“-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი გაგზავნა.

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების ავიაჯგუფის შემადგენლობაში ასევე შედის „ან-124“-ის და „ილ-62“-ის ტიპის თვითმფრინავები.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში რუსული თვითმფრინავები სოჭში მიმდინარე რუსეთ-აფრიკის ფორუმის პარალელურად ჩაფრინდნენ.

სამიტის ფარგლებში უკვე შეხვდნენ ერთმანეთს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისა და რუსეთის პრეზიდენტები. უკვე არსებობს შეთანხმება, რომ რუსეთ-სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ერთობლივად შექმნიან და გამოუშვებენ შეიარაღებასა და სამხედრო ტექნიკას.

რუსეთის თვითმფრინავების გაგზავნის მთავარი მიზანი ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებაა. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში იმყოფება რუსეთის საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი.

რუსეთ-აფრიკის სამიტის მიმდინარეობისას ასევე ცნობილი ხდება, რომ რუსეთი სამხედრო მრჩევლებს ნამიბიაში გაგზავნის. აღნიშნული ქვეყანა კონტინენტზე ურანის ნომერ პირველი ექსპორტიორია.

რუსული მედია წერს, რომ რუსი სამხედროები აფრიკის 40-მდე ქვეყანაში სწავლებებს ატარებენ. სოჭში მიმდინარე სამიტს 43 ქვეყნის პრეზიდენტი და მთავრობის ხელმძღვანელი ესწრება. 11 ქვეყანა კი, მინისტრებისა და ელჩების დონეზეა წარდგენილი. ღონისძიებაზე საერთო ჯამში 10 ათასი მონაწილეა მიწვეული.