რუსეთმა სამი ევროპელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამი ევროპელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა. შესაბამის ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.
კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს შვედეთის, პოლონეთისა და გერმანიის საელჩოების წარმომადგენლები და 23 იანვარს მოსკოვსა და პეტერბურგში გამართულ დემონსტრაციებში მათი დიპლომატიური მისიების თანამშრომლების მონაწილეობისთვის პროტესტი გამოუცხადეს.
რუსეთის საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ ევროპელი დიპლომატების ამგვარი ქმედებები მიუღებელია და არ შეესაბამება დიპლომატიურ სტატუსს.
რუსული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ შვედეთის, პოლონეთისა და გერმანიის დიპლომატიური მისიები და მათი პერსონალი მომავალში საერთაშორისო სამართლის ფარგლებში იმოქმედებს.
აღსანიშნავია, რომ დიპლომატების პერსონა ნონ გრატად გამოცხადება მოსკოვში საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის ვიზიტის დროს მოხდა.