რუსეთმა ლვოვში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტზე იერიში, სავარაუდოდ, რაკეტა „ორეშნიკით“ მიიტანა
რუსეთმა ლვოვში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტზე იერიში, სავარაუდოდ, რაკეტა „ორეშნიკით“ მიიტანა.
ამის შესახებ ქალაქის მერი ანდრეი სადოვოი წერს.
მისი თქმით, საჰაერო განგაშის გამოცხადების შემდეგ ლვოვში აფეთქებების ხმა ისმოდა. მოგვიანებით კი სადოვოიმ დაწერა, რომ რაკეტა მოხვდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს.
„იყო თუ არა ეს „ორეშნიკი“, ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაციას სამხედროები მოგვაწვდიან“, – დაწერა სადოვოიმ.
დარტყმის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების „დასავლეთის“ სარდლობაში განაცხადეს, რომ 8 იანვარს, 23:47 საათზე რუსულმა ჯარებმა ლვოვში ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ბალისტიკური რაკეტით იერიში მიიტანეს.
„საჰაერო სამიზნე, ბალისტიკური რაკეტის ტრაექტორიით, მოძრაობდა დაახლოებით 13 ათასი კილომეტრი საათში სიჩქარით“, – ნათქვამია განცხადებაში.
რაკეტის ტიპი დადგინდება მისი ყველა ფრაგმენტის შესწავლის შემდეგ.
საჰაერო ძალების სარდლობის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, იური იგნატმა განაცხადა, რომ რაკეტა გაუშვეს რუსეთის ასტრახანის ოლქში მდებარე კაპუსტინ იარის პოლიგონიდან.
„იყო გაფრთხილება ბალისტიკური რაკეტის გამოყენების საფრთხის შესახებ. სავარაუდოდ, გაშვება განხორციელდა რუსეთის ტერიტორიიდან, კაპუსტინ იარის პოლიგონიდან. ამის შემდეგ ლვოვის ოლქში აფეთქებები ისმოდა“, – თქვა იგნატმა.
ლვოვზე „ორეშნიკით“ დარტყმის შესახებ წერენ ასევე რუსული „ტელეგრამის“ არხები.
მათი ინფორმაციით, სამიზნე, შესაძლოა, ყოფილიყო დიდი გაზსაცავი.
საუბარია, სავარაუდოდ, სტრიიის გაზის ტერმინალზე, რომელიც ევროპის უდიდესი გაზსაცავია და ლვოვიდან დაახლოებით 70 კილომეტრში მდებარეობს.
ცნობისთვის, რუსეთმა ექსპერიმენტული ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკით“ უკანასკნელად იერიში 2024 წლის ნოემბერში დნეპრში მდებარე ქარხანა „იუჟმაშზე“ მიიტანა. მაშინ „ორეშნიკის“ გამოყენების შესახებ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა და ეს უკრაინის მიერ დასავლური შორი მოქმედების რაკეტების, „ატაკამსისა“და „სტორმ შედოუს“ რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებაზე პასუხად შეაფასა.