რუსეთმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „ტოპოლ ემი“ გამოსცადა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რაკეტის გაშვების მიზანი სარაკეტო კომპლექსის ტექნიკური მახასიათებლების დადასტურებაა. რაკეტის გაშვება პლესეცკის კოსმოდრომიდან მოხდა.
რუსეთმა და აშშ-მა 2 აგვისტოს მცირე და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებიდან გასვლის პროცესი დაასრულეს. შეთანხმებიდან გასვლის მიზეზად აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის მიერ მისი პირობების შეუსრულებლობა დაასახელა.
აშშ-სა და რუსეთს შორის 1987 წლის დეკემბერში გაფორმებული შეთანხმება კრძალავდა მცირე (500-დან 1 000 კმ-მდე) და საშუალო (1 000-დან 5 500 კმ-მდე) სიშორის სახმელეთო ბაზირების რაკეტების წარმოებას, გამოყენებასა და შენახვას.